ტელეკომპანია „იმედი“, „პოსტივი“ და „რუსთავი ორი“ მოლდოვაში მინისტრთა კომიტეტის სხდომას ვერ გააშუქებენ. ევროპარლამენტმა ტელეკომპანია „იმედს“ საქმიანობა ერთი წლით აუკრძალა, მოლდოვამ კი – „იმედს“, „რუსთავი 2“-სა და „პოსტივის“ აკრედიტაციაზე უარი განმარტების გარეშე უთხრა. მმართველი გუნდი მწვავედ აკრიტიკებს ევროპარლამენტისა და მოლდოვის გადაწყვეტილებას და აცხადებს, რომ ეს არის ანგარიშსწორება ქართველ ხალხზე.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ „ქართული ოცნება“ აღნიშნული მედიასაშუალებებით ჰიბრიდულ ომს აწარმოებს ქართულ საზოგადოებაზე და ეს მედიასაშუალებები დამოუკიდებლები არ არიან. ტელეკომპანია „იმედმა“ ოფიციალური წერილი მიიღო ევროპარლამენტისგან, რომლის თანახმად, გადაწყვეტილება „იმედის კვირაში“ გასულ რეპორტაჟს დაეფუძნა, სადაც ჟურნალისტი გასაუბრებას შეეცადა რასა იუკნევიჩიენესთან. ტელეკომპანია „იმედი“ მოლდოვის მთავრობის გადაწყვეტილებას პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლასა და დამოუკიდებელ მედიაზე თავდასხმას უწოდებს.