ქართულ-ფრანგული დიალოგი

2 დეკემბერს, პარიზში, „დიმიტრი ამილახვარის სახელობის ქართულ-ფრანგული დიალოგის“ საინაუგურაციო შეხვედრა გაიმართება. ღონისძიება სხდომით გაიხსნება, რომელსაც თავმჯდომარეობას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი და მისი ფრანგი კოლეგა გაუწევენ. დიალოგი ქვეყნებს შორის არსებული, მჭიდრო თანამშრომლობის შემდგომ განვითარებასა და გაღრმავებას პოლიტიკური, საპარლამენტო, თავდაცვის, უსაფრთხოების, ეკონომიკისა და ვაჭრობის, ასევე კულტურის და განათლების სფეროებში ისახავს მიზნად. ღონისძიების ფარგლებში, დაგეგმილია სამუშაო ჯგუფების შეხვედრებიც.

დიალოგის დაფუძნების შესახებ დეკლარაციას, 2019 წლის 19 თებერვალს, საქართველოსა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა მოაწერეს ხელი. შეხვედრები დაგეგმილია წელიწადში ერთხელ, მონაცვლეობის პრინციპით, თბილისსა და პარიზში.