თბილისში „ქალთა დასაქმების ფორუმი“ გაიმართა.
ფორუმზე, აქტიური ვაკანსიით, 30-მდე სხვადასხვა სფეროს კომპანია იყო წარმოდგენილი, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორიდან. ქალბატონებს შესაძლებლობა მიეცათ, ერთ სივრცეში შეხვედროდნენ დამსაქმებლებს და გაცნობოდნენ შრომის ბაზარზე არსებულ მოთხოვნებსა და კომპანიების შემოთავაზებებს. ფორუმის ფარგლებში გამომსვლელებმა კიდევ ერთხელ გაამახვილეს ყურადღება ქალთა ეკონომიკური აქტიურობის მნიშვნელობაზე. თავად ღონისძიება კი ქალთა ისტორიის თვის მარტის კამპანიის ფარგლებში გაიმართა და ეკონომიკურად მოწყვლადი ქალების გაძლიერებასა და გააქტიურებას ეძღვნება.
ქალთა დასაქმების ფორუმი საქართველოს პარლამენტის ქალი დეპუტატების ინიციატივით, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსა და თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მხარდაჭერით ჩატარდა.