პუტინის ულტიმატუმი და აშშ-ის გზავნილი კრემლს 

ულტიმატუმის წაყენების შემდეგ მოსკოვმა ვაშინგტონის და ბრიუსელის მკაცრი პასუხი მიიღო.

უსაფრთხოების გარანტიებზე რუსეთთან დიალოგის დასაწყებად ამერიკა საკუთარ პირობას აყენებს და ეს პირობა უკრაინის საზღვართან დაძაბულობის დროულად განმუხტვაა. ამავე დროს, მოლაპარაკებები ევროპელი მოკავშირეების ჩართულობით უნდა წარიმართოს. თავის მხრივ დასავლეთი მზად არის, დიალოგისთვის სხვადასხვა დიპლომატიური არხი და ფორმატი გამოიყენოს. ვაშინგტონიდან მოსკოვს მკაფიოდ განუმარტეს, რომ არც ერთ დიდ ქვეყანას საზღვრების დადგენის და პატარა ქვეყნის დაშინების უფლება არ აქვს. თუმცა კრემლი რიტორიკას მაინც არ ცვლის. რუსეთის პირველი დიპლომატი დასავლეთს ამჯერად სოჭიდან აფრთხილებს, რომ ნატოს გაფართოება მოსკოვისთვის წითელი ხაზის გადაკვეთა იქნება. აღმოსავლეთით ალიანსის გაფართოების გამოსარიცხად სამართლებრივი გარანტიები დღეს კიდევ ერთხელ მოითხოვა ვლადიმერ პუტინმაც, რომელიც ამერიკას და ევროპას წერილობითი სახით გაგზავნილი მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში სამხედრო ზომების მიღებით დაემუქრა.