პუტინი: სააკაშვილის მოქმედება არის ქართველი და უკრაინელი ერების შეურაცხყოფა

უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის მოქმედება არის ქართველი და უკრაინელი ერების შეურაცხყოფა,- ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე, უკრაინის თემაზე დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

ასევე ვლადიმერ პუტინმა ოპოზიციის ლიდერის, ალექსეი ნავალნის მოქმედება უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის აქტივობას შეადარა და განაცხადა, რომ არ დაუშვებს, რუსეთი მეორე უკრაინად გადაიქცეს.

ყოველწლიური შემაჯამებელი პრესკონფერენცია ვლადიმერ პუტინმა უკვე მეცამეტედ გამართა. შეკითხვებს ის თითქმის სამი საათის განმავლობაში პასუხობდა. რუსეთის პრეზიდენტს როგორც საშინაო, ისე გლობალურ საკითხებზე დაუსვეს შეკითხვა. მან ჩრდილოეთ კორეასა და ვაშინგტონს შორის კონფლიქტის თავიდან აცილების აუცილებლობაზე ისაუბრა.

ყურადღება გამახვილდა შეერთებულ შტატებთან ურთიერთობებზეც. პუტინმა, ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის საქმეს, ტრამპის ოპონენტების მიერ გამოგონილი უწოდა. რუსეთის ლიდერმა დონალდ ტრამპის მუშაობაც შეაფასა.