პურის მწარმოებელთა ნაწილი ფქვილზე საიმპორტო გადასახადის გაუქმებას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანიები პურის გაძვირებას არ გამორიცხავენ. „საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის“ თავმჯდომარის, მალხაზ დოლიძის განცხადებით, დღეს ერთი ტომარა პირველი ხარისხის ფქვილის ფასი გაიზარდა და 54 ლარის ფარგლებშია, შესაბამისად, პურის მწარმოებელ კომპანიებს უჭირთ ძველი ფასის შენარჩუნება. ფქვილზე საიმპორტო გადასახადი 2023 წელს დაწესდა და ტონაზე 250 ლარს შეადგენს. ამ გადასახადის გაუქმებას არ ეთანხმებიან წისქვილკომბინატები. ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარის, ლევან სილაგავას თქმით, თუკი საიმპორტო გადასახადი მოიხსნება, ეს წისქვილკომბინატების დახურვას გამოიწვევს. მხარეები სოფლის მეურნეობის ახალ მინისტრთან შეხვედრას ელოდებიან, რათა თავიანთი წინადადებები წარუდგინონ, რომ არ გაძვირდეს პური.