თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ენუქიძე ონლაინ გამოცემა „პუბლიკის“ ჟურნალისტის, ალექსანდრე ქეშელაშვილის საქმეს იხილავს. შსს მას პოლიციის დაუმორჩილებლობას და ხულიგნობას ედავება. როგორც შსს-ს წარმომადგენელმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, ჟურნალისტი პოლიციის კორდონის გარღვევას ცდილობდა, არ დაემორჩილა პოლიციელების მოწოდებას და იგინებოდა. პროცესზე დაიკითხა შსს-ს მოწმე პატრულ ინსპექტორი, რომელმაც განაცხადა, ვერ შენიშნა პრესის ამომცნობი ნიშნები და აღქმა არ შექმნია, რომ ქეშელაშვილი ჟურნალისტი იყო. ადვოკატების განცხადებით კი, პოლიციელების ცრუ ჩვენების გარდა შსს-მ ვერ წარადგინა ნეიტრალური მტკიცებულება რომელიც მათ პოზიციას დაადასტურებდა. მოსამართლემ საქმეს დაურთო დაცვის მხარის მიწოდებული მასალა კადრები, საიდანაც ჩანს რომ ჟურნალისტი პროფესიულ მოვალეობას ასრულებს. ადვოკატების თქმითვე, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ქეშელაშვილი დაზარალებულადაა ცნობილი. ამასთან, ადვოკატების თქმით, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს ქეშელაშვილი პოლიციელებმა დააკავეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ, მას ტვინის შერყევა და ცხვირის ძვლის მოტეხილობა ჰქონდა.