პროტესტის ფორმები და პოლიტიკური პოზიციები

საპროტესტო მსვლელობები, შეძახილები, სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირებები, დაკავებები – ხმაურიანი აღმოჩნდა 11 და 12 იანვარს თბილისსა და ბათუმში გამართული აქციები.

დემონსტრანტებმა პროტესტის გამოხატვის სხვადასხვა ფორმას მიმართეს. ბათუმში სიტუაცია განსაკუთრებით მას შემდეგ გამწვავდა, რაც გაფიცვის მოწოდების შემცველი სტიკერების გაკვრის გამო დაკავებები დაიწყო. ვითარება კიდევ უფრო დაიძაბა „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის აყვანის შემდეგ, რომელიც ჯერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის, მოგვიანებით კი სისხლის სამართლის წესით დააკავეს. აქციებზე პროტესტის განსხვავებული ფორმებით აქტიურობდნენ პოლიტიკოსებიც. პოლიტიკური ლიდერები გამოჩნდნენ რესტორან „ბაბილოსთანაც“, სადაც გუშინ მოსამართლეები საახალწლო წვეულებაზე იყვნენ შეკრებილები. აქციის და მონაწილეთა მძიმე რეაქციების გამო მათ რესტორანში შესვლა და იქიდან გამოსვლა სამართალდამცავების დახმარებით მოუხდათ. საკმაოდ დიდი რეზონანსი გამოიწვია პროტესტის კიდევ ერთი ფორმისკენ მოწოდებამ – რესტორნის პერსონალისადმი აქციის მონაწილეების მიმართვამ სოციალურ ქსელში კამპანიური ხასიათი მიიღო, თუმცა პოზიციები გაიყო.