პროტესტი სვანეთში

მორიგი საპროტესტო აქცია მესტიაში.

უკვე რამდენიმე საათია გადაკეტილია მესტიის შესასვლელი ცენტრალური გზა. აქციის მონაწილეები ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენას ითხოვენ. აქციის ერთ-ერთი მონაწილის, ანა ჩართოლანის ინფორმაციით მესტიის ნაწილს ელექტროენერგია უკვე 24 საათია არ მიეწოდება. შესაბამისად გაიყინა წყლის მილები, გათბობის გარეშე დარჩა საცხოვრებელი სახლები. მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის განცხადებით, პრობლემის გამომწვევი მიზეზი ჭარბი მოხმარებაა, რომელსაც კრიპტოვალუტის მოპოვების დანადგარები იწვევს. კერძო საკუთრებაში დამონტაჟებული მოწყობილობების წინააღმდეგ კი მოქმედება არ შეუძლიათ. მუნიციპალიტეტის მერი არ გამორიცხავს, მესტიას დაუწესდეს გადასახადი ელექტროენერგიაზე. ამჟამად ის გადასახადისგან გათავისუფლებულია. ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემა მესტიის მუნიციპალიტეტში ბოლო რამდენიმე წელია არსებობს, რაც განსაკუთრებით ზამთარში იჩენს თავს. „ენერგოპროჯორჯიას“ ინფორმაციით, 7 მეგავატის ნაცვლად ზამთარში მესტია 27 მეგავატ ელექტროენერგიას მოიხმარს, რასაც გადამცემი ხაზები ვერ უძლებს და ხშირია ავარიული გამორთვა.