პროტესტი „ნამახვანჰესის“ წინააღმდეგ - განცხადებები პარლამენტში

„ნამახვანჰესის“ გარშემო ვნებათაღელვა არ ცხრება – პროცესის მოლაპარაკებათა მაგიდასთან გადატანა ვერ ხერხდება.

გვიან ღამით გუმათის დასახლებაში რკინის ბარიკადების მეორე მხარეს გადასვლის მცდელობისას დაკავებული აქტივისტები თავისუფლები არიან, მათი სასამართლო პროცესი რამდენიმე დღით გადაიდო.

ვითარების განმუხტვის მიზნით ფრაქცია „ლელო“ პარლამენტში საკომიტეტო მოსმენას და სამი მინისტრის დაბარებას ითხოვს. ყველა შეკითხვაზე პასუხების მისაღებად ინიციატივის ავტორები საკომიტეტო სხდომაზე დასწრებას სთხოვენ რიონის ხეობაში მიმდინარე აქციის ორგანიზატორებსაც, თუმცა სოფელ ნამოხვანისკენ მიმავალი გზის ჩაკეტვის და რკინის კონსტრუქციების აღმართვის ფონზე, ჰესის მოწინააღმდეგეები საპარლამენტო ფორმატში დისკუსიის აზრს ვეღარ ხედავენ. მმართველი გუნდი კი ოპონენტებს ახსენებს, რომ სწორედ სადავო ჰესზე სასაუბროდ გარემოს დაცვის და დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტებში ორი ონლაინ-სხდომა ჩატარდა.