პროტესტი „ნამახვანჰესის“ წინააღმდეგ

გუმათის დასახლებაში საპროტესტო გამოსვლა გრძელდება.

პროტესტის ახალ ფორმას რიონის ხეობის მცველები დღესაც მიმართავენ და ხელების ცემით რკინის კონსტრუქციების დემონტაჟს და სოფელ ნამოხვანისკენ გზის გახსნას კიდევ ერთხელ მოითხოვენ. ხმაური იყო დღეს გუმათთან ახლოს, წყალტუბოს რაიონის სოფელ საყულიაში. დაკავებულია აქციის ერთ-ერთი მონაწილე ირაკლი მუკბანიანი, რომელიც ამ სოფლის მკვიდრია. შსს მას 29 მაისს პოლიციელისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას ედავება. ადგილობრივები ყვებიან, რომ მუკბანიანის დასაკავებლად დასახლებაში სპეცრაზმი იყო შესული, რომელმაც ცეცხლსასროლი იარაღიც გამოიყენა. საყულიას მცხოვრებლები აქტივისტის გათავისუფლებას ითხოვენ. შსს-ს განცხადებაში კი ნათქვამია, რომ აქტივისტის დაკავების დროს ადგილობრივებმა სამართალდამცავებს წინააღმდეგობა გაუწიეს.