პროტესტი „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ

მოვლენების ეპიცენტრშია რიონის ხეობა.

მასშტაბური ჰესის მშენებლობის გამო ისედაც დაძაბული ვითარება სოფელ ნამოხვანისკენ მისასვლელი გზის ჩაკეტვამ გაამწვავა. ამ გადაწყვეტილებას პოლიცია მდინარე რიონის ადიდების საფრთხით ხსნის. სამართალდამცავების მიერ დაშლილია ის კარვებიც, სადაც აქტივისტები თვეების განმავლობაში ცხოვრობდნენ. მითითებული ტერიტორია კიდევ ერთი დავის საგანი ხდება. აქციის მონაწილეები სოფელში შესვლას და კარვების სხვა ადგილზე გადატანას ითხოვენ, რის საშუალებასაც სამართალდამცავები არ აძლევენ. დღის განმავლობაში პოლიციასა და „ნამახვანჰესის“ პროექტის მოწინააღმდეგეებს შორის რამდენიმე დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეები რიონის ადიდების საშიშროებას აბსურდულ მიზეზად მიიჩნევენ და პროტესტის ხელოვნურად ჩაცხრობაზე საუბრობენ, მათი გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაზე მიუთითებს მესამე სექტორი და სახალხო დამცველიც, რომლის წარმომადგენელი სიტუაციას ადგილზე აკვირდება. საპროტესტო აქციის შეცვლილ ადგილზე, გუმათის დასახლებაში დილიდან ხმაურია.