პროტესტი იორმუღანლოს საჯარო სკოლაში

იორმუღანლოს საჯარო სკოლის მეოთხე კლასის მოსწავლეები გაკვეთილებს აღარ ესწრებიან. მე-4 კლასის მოსწავლეები მშობლებთან ერთად, ქართული სექტორის პედაგოგის თეა გურგენიძის გათავისუფლებას აპროტესტებენ.

გაკვეთილებს სულ 21 მოსწავლე არ ესწრება. ისინი სამსახურში ქართული ენის პედაგოგის დაბრუნებას მოითხოვენ. როგორც კახეთის რესურსცენტრის ხელმძღვანელი მანანა ცუცქირიძე აცხადებს, პედაგოგი მოსწავლეზე ძალადობაში ამხილეს. მისი ინფორმაციით, არსებობს ფაქტის ამსახველი ჩანაწერიც, რის საფუძველზეც პედაგოგის მიმართ გადაწყვეტილება დისციპლინურმა კომიტეტმა მიიღო.

გადაწყვეტილება დღეს განსახილველად სამეურვეო საბჭოს წარედგინება. მანდატურის სამსახურის ხელმძღვანელის განმარტებით, ვიდეოკადრებში ჩანს, როგორ ურტყამს პედაგოგი საწერ კალამს მოსწავლეს ხელის მტევანზე. თუმცა ფაქტს თავად პედაგოგი კატეგორიულად უარყოფს და ბრალდებას ცილისწამებას უწოდებს.