ჭიათურაში პროტესტი არ წყდება.
მიწისქვეშა სამუშაოების გასაახლებლად მაღაროების შემოწმების პროცესმა ადგილზე დაძაბულობა კიდევ უფრო გაამწვავა. ორი დღის წინ მომხდარი ინციდენტის შემდეგ დღეს ხმაური იყო კოროხნალის მაღაროსთან. რამდენიმე მაღაროში გაგრილების სისტემა ჩაირთო, რის შემდეგაც ადგილზე უსაფრთხოების კუთხით მონიტორინგის ჩატარებაა დაგეგმილი. მაღაროელთა ნაწილისთვის კატეგორიულად მიუღებელია სამმხრივი კომისიის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც მანგანუმის მოპოვებითი მიწისქვეშა სამუშაოების განახლებას გულისხმობს. მაღაროელთა საინიციატივო ჯგუფი უნდობლობას უცხადებს კომპანიაში დაწყებულ რეორგანიზაციის პროცესსაც. აქციების მონაწილეთა მთავარი მოთხოვნაა, საწარმოები სახელმწიფომ გადაიბაროს და რაიონიდან გავიდეს „ჯორჯიან მანგანეზის“ შვილობილი „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანია“, რომელმაც არარენტაბელურობის არგუმენტით მადნის მიწისქვეშა მოპოვება საერთოდ შეაჩერა და სასამართლოს გაკოტრების პროცედურის დაწყების თხოვნით მიმართა, აქციების ფონზე კი ორი კვირის წინ დასაქმებულებს ახალი გეგმა შესთავაზა, რაც შეჩერებული წარმოების აღდგენას გულისხმობს.