პროტესტი ჭიათურაში

ჭიათურაში პროტესტი არ წყდება. უკვე ორ თვეზე მეტია მაღაროელები გაფიცულები არიან – უცვლელია მთავარი მოთხოვნებიც – კუთვნილი ხელფასების მიღება, საბანკო ვალდებულებების გადავადება და მაღაროების კერძო საკუთრებიდან სახელმწიფო მფლობელობაში გადაცემა. მაღაროელებისთვის მიუღებელია სამმხრივი კომისიის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებაც – „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიის“ მხრიდან წარმოების განახლება რამდენიმე-ეტაპიანი რეორგანიზაციის შემდეგ. ისინი აცხადებენ, რომ გეგმის მიზანი მათი სამსახურის გარეშე დატოვებაა. ამასთან დაკავშირებით გაფიცულები ხელმოწერებსაც აგროვებენ, კომპანიაში კი აცხადებენ, რომ მათთან თანამშრომლობის სურვილი უკვე 2000-ზე მეტმა ადამიანმა გამოთქვა, განაცხადების მიღების ვადა ხვალ იწურება. პარალელურად, კომპანია „ჯორჯიან მანგანეზისგან “დაპირებული კომპენსაციების მიღებას ითხოვს და ელოდება სოფელ შუქრუთის მოსახლეობა.

მოამბის გადამღები ჯგუფი ჭიათურაში ჩავიდა და იმ ადამიანებს გაესაუბრა, რომლებიც ამჟამად შემოსავლის ერთადერთი წყაროს გარეშე არიან დარჩენილები.

ანა ნოდიასა და კაკო გურგენიშვილის რეპორტაჟი #მოამბერეგიონები