„ფარას“ დოკუმენტებთან ერთად არანაკლები რეზონანსი გამოიწვია პრეზიდენტად ტრამპის მეორე ვადით არჩევის შემდეგ ჩატარებული კვლევის შედეგებმა. ახლა საინტერესოა, რა რეაგირება მოჰყვება ამერიკის ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელის მიმართვას, რომელიც იუსტიციის დეპარტამენტში გადაგზავნილი მასალების და 2016-17 წლების დოკუმენტების შესწავლის საფუძველზე ბარაკ ობამას და ეროვნული უსაფრთხოების ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ გამოძიებას დაწყებას ითხოვს. ტულსი გაბარდი შეთქმულების ნაწილად და გაყალბებულად აცხადებს იმ სადაზვერვო ინფორმაციას, რომელიც 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევას და გავლენებს ეხებოდა. აშშ-ში ჩატარებული მოკვლევის შედეგი საქართველოს ხელისუფლებისთვის კიდევ ერთი არგუმენტია იმაში დასარწმუნებლად, რომ ე.წ. დიფ სთეითი მიუღებელი პოლიტიკური ძალების ჩამოშორებას სწორედ პრორუსულობის იარლიყის მიწებებით ცდილობს. მაგალითად ხელისუფლებაში მოსვლიდან დღემდე „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ოპოზიციის მხრიდან გაჟღერებული ბრალდებები სახელდება, რომელთა შორის ყველაზე ხშირად სწორედ რუსეთის ინტერესების გატარების შესახებ განცხადებები ისმის.