პროპორციული საარჩევნო სისტემა

დიალოგი დაიწყო. მზად არის კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების პროექტი, რომლითაც ქვეყანაში დღეს მოქმედი საარჩევნო სისტემა იცვლება.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მმართველი გუნდის მიერ შეთავაზებულ მოდელს დღეს პოლიტიკური სპექტრის ნაწილი მესამე სექტორთან და დიპლომატიურ კორპუსთან ერთად გაეცნო.

ქვეყნის უზენაესი კანონის გარდამავალ დებულებაში არსებული ჩანაწერი კორექტირდება, რაც ნიშნავს იმას, რომ 2020 წელს პარლამენტში მოხვდება ყველა პარტია, ვინც მინიმუმ ხმათა 0.67% მოიპოვებს. ხმათა ეს რაოდენობაა საჭირო ერთი დეპუტატის გასაყვანად.

ნულოვანი ბარიერის მიღმა ოპოზიცია და მესამე სექტორი გარკვეულ რისკებს ხედავს. აქცენტი პარტიების ხელოვნურად შექმნის და მნიშვნელოვან საკითხებზე კონსენსუსის მიუღწევლობის საფრთხეზე კეთდება. თუმცა ყველა მხარე თანხმდება, რომ ბარიერზე უფრო მთავარია მაჟორიტარული სისტემის გაუქმება და პროპორციულ წესზე გადასვლა. ამიტომ, შეხვედრაზე მისული ყველა პარტია და არასამთავრობო ორგანიზაცია ხელისუფლების მიერ შეთავაზებულ განხილვებში ერთვება.