პროპორციული არჩევნები ნულოვანი ბარიერით

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მმართველი გუნდის მიერ შეთავაზებულ მოდელს პოლიტიკური სპექტრის ნაწილი მესამე სექტორთან და დიპლომატიურ კორპუსთან ერთად გაეცნო.

დღევანდელ შეხვედრაზე არ მივიდა ოპოზიციის ნაწილი. მათ შორის არიან „ევროპული საქართველო“, „ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან ერთად „ძალა ერთობაშიას“ გარშემო გაერთიანებული პარტიები, ასევე „თავისუფალი დემოკრატები“ და „რესპუბლიკელები“. ჩამოთვლილი პოლიტიკური ძალები დღევანდელ შეხვედრას „ქართული ოცნების“ პარტიულ ღონისძიებად მიიჩნევენ და სწორედ ამ არგუმენტით ხსნიან საკუთარ გადაწყვეტილებას.

რაც შეეხება შეთავაზებულ მოდელს, მითითებული პარტიები საარჩევნო სისტემის შეცვლის გადაწყვეტილებას თბილისში მიმდინარე აქციების მონაწილეთა მიღწევად აცხადებენ და, ნულოვან ბარიერთან დაკავშირებული შენიშვნების მიუხედავად, ინიცირებულ მოდელს მხარს უჭერენ. „ევროპული საქართველო“ და „ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო განხილვებში ჩართვას და საკონსტიტუციო ცვლილებისთვის ხმის მიცემასაც აპირებს.