თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებისა და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე, საქართველოს პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციების საბანკო ანგარიშებზე ყადაღების დადების თაობაზე. პროკურატურის ინფორმაციით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის პერიოდში, საქართველოს პარლამენტის წინ და ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ლოკაციებზე მიმდინარეობდა საპროტესტო აქციები, რამაც დროის მოკლე პერიოდში მიიღო ძალადობრივი ხასიათი და გასცდა კანონით დადგენილ ფარგლებს. მიმდინარე საპროტესტო აქციების პარალელურად, ოპოზიციური პარტიების ლიდერების და ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელების მოწოდებებმა, მასობრივ დაუმორჩილებლობასა და საყოველთაო წინააღმდეგობაზე, საპროტესტო აქციები ეტაპობრივად გადაზარდა საპოლიციო ძალებთან დაპირისპირებაში, რასაც მიზანმიმართული ხასიათი ჰქონდა. გამოძიებით დადგენილია, რომ სამართალდამცველთა წინააღმდეგ ძალადობრივი ქმედებების განმახორციელებელი აქციის მონაწილეთა სპეციალური საშუალებებით აღჭურვა, კოორდინირებულად ხდებოდა მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციების სახსრებით. კერძოდ, „სამოქალაქო საზოგადოების ფონდის“, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“, „დემოკრატიის მცველების“, „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“, „საფარის“, „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“, მიზნობრივი ფინანსები გამოყენებული იქნა ისეთი აღჭურვილობის შესაძენად, როგორიც არის: სპეციალური აირწინაღები, დამცავი სათვალეები, პირბადეები, სახის დასაფარი ნიღბები, წიწაკის სპრეი და სხვა საშუალებები, რასაც აქციის მონაწილეები აქტიურად იყენებდნენ პოლიციასთან ძალადობრივი დაპირისპირების დროს. პროკურატურის განცხადებით, ამ ორგანიზაციების ხელმძღვანელები ღიად მოუწოდებდნენ საზოგადოებას დაუმორჩილებლობისკენ და წინააღმდეგობისკენ, ამავდროულად, მათი ორგანიზაციული და ფინანსური საქმიანობა სრულად იყო მიმართული ძალადობრივ ქმედებებში ჩართული პირების და მათი ოჯახის წევრებისთვის ფინანსური მფარველობის უზრუნველსაყოფად. „ვინაიდან მითითებული არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა გასცდა მათივე წესდებით განსაზღვრულ მიზნებს და მიღებული ფინანსების მნიშვნელოვანი ნაწილი მოახმარეს კანონსაწინააღმდეგო ქმედებების დაფინანსებას, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, 27 აგვისტოს ყადაღა დაედო აღნიშნული ორგანიზაციების საბანკო ანგარიშებს, რითაც შეიზღუდა ფულადი სახსრების შემდგომი არამიზნობრივი განკარგვა“. – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში. სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, არასამთავრობოები ამ ეტაპზე შეფასებას არ აკეთებენ.