პროკურატურამ ნიკა მელიას ერთკვირიანი ვადა მისცა

პროკურატურა ნიკა მელიასგან კიდევ ერთ უარს იღებს. გაფრთხილების მიუხედავად, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გირაოს პირობების შესრულებას და დამატებით მიცემულ ერთკვირიან ვადაში თანხის გადახდას არ აპირებს. ამიტომ საგამოძიებო უწყება პოლიტიკოსისთვის აღკვეთის ღონისძიების პატიმრობით შეცვლის მოთხოვნას აპირებს, რაც ნიშნავს, რომ პარლამენტს შესაძლოა კიდევ ერთხელ მოუხდეს მელიას სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე მსჯელობა.

გამოძიება მელიას 2019 წლის ივნისის ცნობილი მოვლენების დროს პარლამენტთან ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობა-მონაწილეობას ედავება. ამ საქმეზე გირაოს თანხა-30 000 ლარი ელექტრონული სამაჯურის მოხსნის გამო სამი თვის წინ 40 000-ით გაიზარდა, თუმცა ოპოზიციონერმა ლიდერმა დადგენილ ვადაში თანხა არ გადაიხადა.

პროკურატურის დღევანდელი მიმართვა უკვე გახდა პოლიტიკურ ჭრილში განხილვის თემა. მელიას თანაგუნდელები და პოლიტიკური პარტნიორები ისევ პოლიტიკურ დევნაზე იწყებენ საუბარს.