პროკურატურამ ლუკა კურტანიძეს ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ლუკა კურტანიძეს ბრალი წარუდგინა. საუბარია „ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო ოჯახში ძალადობის, ოჯახის წევრის ნივთის განზრახ დაზიანების და დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობის ფაქტზე“. საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, ბრალდებულს ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა დაარღვია სასამართლოს გადაწყვეტილებით გამოცემული დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები, რომლითაც აკრძალული ჰქონდა ყოფილ მეუღლესთან მიახლოება, კომუნიკაცია და იმ ადგილთან და სახლთან მისვლა, სადაც მსხვერპლი იმყოფებოდა და დაზარალებულის კუთვნილ საცხოვრებელ სახლთან ორჯერ მივიდა, მათ შორის 25 ივლისს ქობულეთში, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო, ყოფილ მეუღლეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და ავტომანქანა დაუზიანა. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს.
წინასწარი დაკავების იზოლატორში კურტანიძე უკვე მოინახულა ადვოკატმა. ის ამბობს, რომ დაკავებული ბრალს არ აღიარებს, რადგან მიიჩნევს რომ პროვოკაციის მსხვერპლია. ადვოკატის განცხადებით, მომხდართან დაკავშირებით პროვოკაციის ხელშეწყობაში კურტანიძე „ნაციონალურ მოძრაობას“ და მასთან დაკავშირებულ ბიზნესმენებს ადანაშაულებს და პროკურატურისგან მოითხოვს არ შეეფარდოს წინასწარი პატიმრობა ან გათავისუფლდეს გირაოს სანაცვლოდ. პროცესი აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე დღეს საღამოს, ან ხვალ დილით გაიმართება.