პროკურატურამ ლუკა კურტანიძეს ბრალი წარუდგინა

ცოტა ხნის წინ, ლუკა კურტანიძის სასამართლო პროცესი დაიწყო, სადაც აღმკვეთ ღონისძიებაზე მსჯელობენ.

საქართველოს პროკურატურამ ლუკა კურტანიძეს ბრალი „ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო ოჯახში ძალადობის, ოჯახის წევრის ნივთის განზრახ დაზიანების და დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობის ფაქტზე“ წარუდგინა. ბრალდებულს ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულს აკრძალული ჰქონდა ყოფილ მეუღლესთან მიახლოება, კომუნიკაცია და იმ ადგილთან და სახლთან მისვლა, სადაც ის იმყოფებოდა. უწყების ინფორმაციით, კურტანიძე დაზარალებულის საცხოვრებელ სახლთან ორჯერ მივიდა, მათ შორის 25 ივლისს ქობულეთში, ყოფილ მეუღლეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და ავტომანქანა დაუზიანა. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. ლუკა კურტანიძე ბრალს არ აღიარებს და მიიჩნევს, რომ პროვოკაციის მსხვერპლია.