პროკურატურამ გიორგი ზავრაშვილისა და ზაზა კობახიძის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო

პროკურატურამ გიორგი ზავრაშვილისა და ზაზა კობახიძის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო.  როგორც საგამოძიებო უწყებაში ამბობენ, გადაწყვეტილების მიღებამდე, აღნიშნულ საქმეებზე ჩატარდა ხელახალი გამოძიება, დაიკითხნენ ახალი მოწმეები, ჩატარდა ათეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება.

პროკურატურის მტკიცებით, ახალი გამოძიებით დადგინდა, რომ ორივე პირი სასჯელს იხდიდა წინა ხელისუფლებისთვის მიუღებელი პოლიტიკური შეხედულების გამო.

გიორგი ზავრაშვილის დაკავების მიზეზი, უწყების განმარტებით, 2007 წლის საპროტესტო აქციებში მონაწილეობა გახდა. ზაზა კობახიძე კი, რომელიც თავდაცვის სამინისტროში მუშაობდა, მას შემდეგ დააკავეს, რაც ცნობილი გახდა, რომ მის მეგობარს ახლო ურთიერთობა ჰქონდა მაშინდელ ოპოზიციურ მოძრაობასთან.

პროკურატურა სააპელაციო სასამართლოს ახლადგამოვლენილ გარემოებათა გამო, განაჩენის გადასინჯვის მოთხოვნით მიმართავს.  უწყებაში ამბობენ, რომ შესაძლოა, ფაქტებზე კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს.