გენერალურმა პროკურატურამ გიორგი ბაჩიაშვილს სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობის ფაქტზე ბრალდება წარუდგინა. ბრალს ამ წუთებში თავად ბაჩიაშვილს აცნობენ. საუბარია „მტკვარი ჰესის“ საქმეზე. პროკურატურის ინფორმაციით, წარდგენილი ბრალი, სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად შესრულებას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. პროკურატურის განცხადებაში ნათქვამია:“ „მტკვარი ჰესის პროექტის შეძენამდე, თანაინვესტირების ფონდის დაკვეთით, ჰესის პროექტის ექსპერტიზა და შესაბამისი კვლევები ჩატარდა, რის შედეგადაც არაერთი მნიშვნელოვანი, ასევე არსებითი ხასიათის რისკი და საფრთხეები გამოვლინდა, გამოვლენილი რისკები სავალდებულოდ უნდა გათვალისწინებულიყო როგორც ჰესის მშენებლობის დაწყებისას, ასევე მიმდინარეობის პროცესში. მიუხედავად იმისა, რომ გიორგი ბაჩიაშვილი, როგორც თანაინვესტირების ფონდის გენერალური დირექტორი, სრულად იყო პასუხისმგებელი „ჯი სი ეფ ლუქსემბურგის“ საინვესტიციო პროექტების და აქტივების სწორად და ეფექტურად მართვაზე, იგი არაჯეროვნად ასრულებდა მისდამი დაკისრებულ მოვალეობას და არც ჰესის მშენებლობის დაწყებისას და არც შემდგომ პერიოდში, არ მიიღო შესაბამისი და აუცილებელი ზომები იდენტიფიცირებული რისკების თუ საფრთხეების აღმოსაფხვრელად, რაც ჰესის მშენებლობის პროცესს უკავშირდებოდა. შედეგად მტკვარი ჰესის საინვესტიციო მოცულობა და ექსპლუატაცია შესვლის პერიოდი შეუსაბამოდ გაიზარდა, რაც ნეგატიურად აისახა პროექტის მომგებიანობაზე და მისი საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით 100 მილიონი ამერიკული დოლარით – 240 მილიონ ამერიკულ დოლარამდე გაიზარდა, საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ მიუხედავად კოლოსალური დანახარჯებისა ჰესი ექსპლუატაცია დღემდე არ შესულა, შედეგად კი არსებითად დაზიანდა ინვესტორის კანონიერი ინტერესები.“ – წერია პროკურატურის განცხადებაში. თავად გიორგი ბაჩიაშვილი კი აცხადებს, რომ მას კანონსაწინააღმდეგო არაფერი ჩაუდენია და ეს საქმეც როგორც ბიტკოინების საქმე, არის პოლიტიკურად მოტივირებული. მისი თქმით, აღნიშნული ბრალი მისთვის არ ყოფილა მოულოდნელი, რადგან მისი თქმით, ივანიშვილმა სასამართლო სხდომაზე უთხარა, რომ მის მიმართ სხვა სისხლის სამართლის საქმეც დაიწყებოდა.