პროკურატურამ რამდენიმე ფონდის ანგარიშები დააყადაღა

საკუთარ ანგარიშებზე ფინანსური წვდომა აღარ აქვს ხუთ ფონდს, რომლებიც სხვადასხვა აქტივობასთან ერთად დაკავებული დემონსტრანტების ოჯახებსაც ეხმარებოდნენ.

დაყადაღებულია ხუთი ფონდის საბანკო ანგარიშები. ესენია „ნანუკას ფონდი”, ნიკა გილაურის „ფროსფერითი ჯორჯია“, ფონდი „ერთმანეთისთვის“, „სირცხვილია“ და „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი“. პროკურატურა გადაწყვეტილების მიზეზად იმ გამოძიებას ასახელებს, რომელიც საბოტაჟის, უცხოეთის ორგანიზაციის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და ქვეყნის კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტებზე მიმდინარეობს. საუბარია იანვარში აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელსაც მოძრაობა „ნეიტრალური საქართველოს“ სარჩელი დაედო საფუძვლად. გამოძიება ამტკიცებს, რომ ხუთივე ფონდის მიერ მობილიზებული თანხები ძირითადად თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს ძალადობებში ჩართულ პირთა საჭიროებებზე იხარჯებოდა. თუ ძიებას დავეყრდნობით, ფონდებიდან ფინანსდებოდა დანაშაულებრივი მოქმედებების ორგანიზება და საჭირო ინვენტარის შეძენა. ფონდების წარმომადგენლები სამართლებრივი მტკიცებულებების არ არსებობაზე მიუთითებენ და ხაზს უსვამენ, რომ დაკავებულთა ოჯახების დახმარებასა და ჯარიმების გადახდასთან ერთად სხვა მნიშვნელოვანი აქტივობებითაც იყვნენ დაკავებული, მათ შორის ეხმარებოდნენ სტიქიით დროს დაზარალებულებს.