პროკურატურა „ინტერმედიას“ დოკუმენტაციას სწავლობს

„რუსთავი 2“-ის კონტრაქტორი „ინტერმედია პლუსის“ ოფისში საგამოძიებო მოქმედებები მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარდა. ამოღებულია გარკვეული დოკუმენტაცია, რაც შპს „ინტერმედია პლუსის“ საქმიანობას, ასევე „რუსთავი 2“-ის კანონიერი ინტერესების, სავარაუდოდ საწინააღმდეგო მოქმედებებსა და დიდი ოდენობის ფულადი თანხების შესაძლო მითვისების ფაქტებს უკავშირდება. სხვა დამატებითი ინფორმაცია მასალების შინაარსთან დაკავშირებით, არ საჯაროვდება, – ასეთია გამომძიებლების კომენტარი. უწყებაში იმასაც ამბობენ, რომ მიმდინარე საქმის მოკვლევის ფარგლებში, ყველა ის პირი დაიკითხება, ვინც ამ საკითხებთან შემხებლობში იყო. თუმცა ჯერ-ჯერობით უცნობია, მოხდება თუ არა „ინტერმედია პლიუსის“ ხელმძღვანელის გამოკითხვაზე დაბარება.