პროკურატურა 10 სექტემბერის ფარული აუდიოჩანაწერის სრულ ვერსიას ავრცელებს

მთავარი პროკურატურა მოქალაქე ი.პ-სგან ამოღებული ფარული ჩანაწერის სრულ ვერსიას ავრცელებს.  უწყების განცხადებით, საუბარია 10 სექტემბერს საპატიმროში გაკეთებულ აუდიოჩანაწერზე, რომელიც ჯამში 3 საათამდე ხანგრძლივობისაა.

პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ მასალებში მირზა სუბელიანი ვიქტორ ჯაფარიძესთან, დავით ცუხიშვილთან და საკუთარ მამასთან საუბრობს. პატიმრობაში მყოფი საუბრის დროს იხსენებს სხვადასხვა გახმაურებული საქმეების ეპიზოდებს, მათ შორის ახსენებს ბაჩო ახალაიას, რომელთანაც მისი თქმით, სასჯელაღსრულების უწყებაში მუშაობისას, გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი გიგი კალანდაძე პირადად შეიყვანა.

სუბელიანი საუბრისას რამდენჯერმე ახსენებს იმ კომპრომატებს, რომელიც მას ხელისუფლების წინააღმდეგ აქვს, რომლითაც თავი დაიზღვია და რომლის გავრცელებამაც შესაძლოა, ხელისუფლებას პრობლემები შეუქმნას.

ჩანაწერებში სუბელიანი თავს პოლიტპატიმარს უწოდებს. პროკურატურის ინფორმაციით, ფარული აუდიოჩანაწერი, რომელიც უწყებამ გაავრცელა, მოქალაქე ი.პ-სგან ამოღებული მეხსიერების ბარათიდან ერთ-ერთია და სავარაუდოდ, საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემის ერთ-ერთ დაწესებულებაშია ჩაწერილი.