პროგრამა ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვებისთვის

ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამა გაფართოვდა. ბენეფიციარებს სერვისის მიღება, დამატებით, თურქეთის კიდევ სამ კლინიკაში შეეძლებათ. პროგრამას „მედიკანას საერთაშორისო კლინიკა“, „ემსი ჰოსპიტალი“ და „მედიპოლ მეგა საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი“ დაემატა. პროგრამის პარტნიორ სამედიცინო დაწესებულებებში ჯანდაცვის მინისტრი იმყოფებოდა. მიხეილ სარჯველაძე თურქეთში მყოფ პატარა ქართველ პაციენტებსა და მათ მშობლებს შეხვდა. ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამის ფარგლებში, პაციენტები, მომსახურებას უკვე 8 კლინიკაში – თურქეთში, ესპანეთსა და ისრაელში მიიღებენ. პროგრამა 2023 წლის აგვისტოდან მოქმედებს და სიმსივნით დაავადებულ ბავშვებს უფინანსებს ქიმიოთერაპიას, სხივურ თერაპიას, ოპერაციებსა და პროტონოთერაპიას. ამოქმედებიდან დღემდე, პროგრამაში 157 ბენეფიციარი ჩაერთო. მკურნალობა უკვე დაასრულა 100-მა პაციენტმა.