პროგრამა კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულებისთვის
30-წლიანი ლოდინი დასრულდა – ახალ ბინებში კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული კიდევ 69 ოჯახი იცხოვრებს.
დიღომში მდებარე საცხოვრებელ კომპლექსის გასაღები მოქალაქეებს პირადად თბილისის მერმა გადასცა. 80-90-იან წლებში კოოპერატიული მშენებლობების შეჩერების გამო სულ 3 600-მდე ოჯახი დაზარალდა. თბილისის მერიის მიზანია, სრულად დაიფაროს დარჩენილი ვალდებულებები და კუთვნილი საცხოვრებელი ყველა დაზარალებულმა მიიღოს. პროგრამის ფარგლებში ახალი ბინებით უკვე 2500-ზე მეტი ოჯახია დაკმაყოფილებული.