პროგრამა „გადაიღე საქართველოში“

საქართველოს საქმიანი ვიზიტით ამერიკელი და ბრიტანელი კინოპროდუსერების დელეგაცია ეწვია. მათ შორის, კომპანია HBO East Coast Production-ის ვიცე-პრეზიდენტი ბარბარა კეივერი, რომელიც გასართობი და დოკუმენტური კონტენტის შექმნის პარალელურად, HBO-ს დოკუმენტური ფილმების ფესტივალის კურატორია. ვიზიტის მიზანია, საქართველოს მონახულება და ფილმების გადასაღებად სასურველი ადგილების შერჩევა. სახელმწიფო პროგრამას „გადაიღე საქართველოში“ სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ 2016 წლიდან ახორციელებს.  ის კინოწარმოებით დაინტერესებულ ადგილობრივ და საერთაშორისო პროდიუსერებს შესაძლებლობას აძლევს საქართველოში გადაიღონ ფილმი ან სხვა სახის აუდიოვიზუალური პროდუქცია და კვალიფიციური ხარჯების 20–25%-მდე უკან დაიბრუნონ.