პროფკავშირებში დღეს გამართულმა გამგეობის სხდომამ, სადაც „ევოლუშენ ჯორჯიას“ პრეტენზიები განიხილებოდა, პროფკავშირ „ლაბორის“ წინააღმდეგ გუშინდელი სხდომისგან განსხვავებით მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. როგორც ცნობილია, „ლაბორის“ იურისტს გუშინ არ მიეცა სხდომაზე დასწრების საშუალება, რითაც დაირღვა სამართლიანი განხილვის პრინციპი. მათ სამ წევრს კი ფიზიკურად გაუსწორდნენ, რის გამოც დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს. როგორც „ლაბორში“ აცხადებენ, მოძალადეები გაერთიანებული პროფკავშირების მიერ დაქირავებული დაცვის წევრები იყვნენ, რომელთა ამოცნობაც შეუძლიათ. ფაქტთან დაკავშირებით „ლაბორის“ იურისტი გეგმავს ადვოკატთა ასოციაციას მიმართოს, თავად „ლაბორის“ თავჯდომარე გიორგი დიასამიძე მათ გარშემო განვითარებულ მოვლენებს პროფკავშირების არჩევნებზე თავმჯდომარის კანდიდატურად მის დასახელებას უკავშირებს. ბრალდებებს უპასუხეს გაერთიანებულ პროფკავშირებში, სადაც აცხადებენ, რომ გიორგი დიასამიძეს თავად არ მოუთხოვია იურისტის დასწრება სხდომაზე და შესაბამისად, მათ არ დაუყენებიათ დღის წესრიგში გამგეობის სხდომაზე იურისტის დასწრების საკითხი, გარე პირს კი არ აქვს უფლება დაესწროს სხდომას.