პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამის მორიგი ეტაპი იწყება

სოციალური მომსახურების სააგენტო სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის მორიგ ეტაპს იწყებს.

მოკლევადიანი კურსების გავლა, საქართველოს მასშტაბით, 31 როგორც სახელმწიფო ისე კერძო აკრედიტირებულ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაშია შესაძლებელი.

პროფესიულ კურსებზე სწავლის მსურველებს სააგენტო ვაუჩერს გადასცემს, რომლის მაქსიმალური ღირებულება 1000 ლარს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის კი 1500 ლარს შეადგენს.

მომზადება-გადამზადების კურსები 2-დან 4 თვემდე გრძელდება. პროგრამა ორ ეტაპად ხორციელდება. პირველი ეტაპის რეგისტრაცია 2 აპრილიდან 12 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.

სასწავლო პროცესი კი 15 აპრილს დაიწყება.