პროექტი „ლეგენდების სერია“ იწყება

საქართველოში ახალი საფეხბურთო პროექტი „ლეგენდების სერია“ იწყება.

პირველი მატჩი 2024 წლის მარტში, ბათუმში გაიმართება. ვარსკვლავებით დაკომპლექტებული საქართველოს „ლეგენდების ნაკრები“ მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი გამორჩეული გრანდის, მილანის „ინტერის“ „ლეგენდების გუნდს“ დაუპირისპირდება. ჩვენი გუნდის შემადგენლობაში ითამაშებენ, მისი ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი, შოთა არველაძე, ყოფილი კაპიტანი და ერთ-ერთი რეკორდსმენი, ლევან კობიაშვილი, ყველა დროის გამორჩეული ქართველი ფეხბურთელი, გიორგი ქინქლაძე, ეროვნული ნაკრების ყოფილი მწვრთნელი, თემურ ქეცბაია. „ინტერის“ ლეგენდების გუნდში კი – „ოქროს ბურთის“ მფლობელი, ლუიშ ფიგუ, ამ კლუბის ყოფილი კაპიტანი და ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი, ხავიერ ძანეტი, 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონი, მარკო მატერაცი და „ინტერის“ შემადგენლობაში ტრებლის მომგები არგენტინელი ესტებან კამბიასო.