პროექტი „გმირის დღე“ ბათუმში
საქართველოს პარლამენტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის პროექტის, „გმირის დღის“ ფარგლებში, ბათუმის №2 საჯარო სკოლაში ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებაზე თბილისის ჩუღურეთის რაიონის №220 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ეროვნული გმირის, გიორგი მაზნიაშვილის შესახებ თეატრალური კომპოზიციები წარადგინეს. ბათუმის მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კი სტუმრებს მარო მაყაშვილის ცხოვრება და მოღვაწეობა გააცნეს.
ღონისძიების ფარგლებში, თბილისის №220 და ბათუმის №2 საჯარო სკოლებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც მიზნად ისახავს სკოლებს შორის მჭიდრო ურთიერთობების დამყარებასა და საერთო პროექტების განხორციელებას.
ღონისძიება ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის თავმჯდომარის, მარიამ ლაშხის ორგანიზებით, კომისიის წევრის, რიმა ბერაძის ინიციატივით, ბათუმისა და თბილისის რესურსცენტრების ჩართულობით გაიმართა.
ღონისძიებას პარლამენტის წევრები, აღმასრულებელი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.