„ერთი დღე ჯარში“ პროექტის ფარგლებში, მე-4 ქვეით ბრიგადაში მოსწავლეებს უმასპინძლეს. ვაზიანში, თბილისის კლასიკური გიმნაზიისა და 45-ე საჯარო სკოლის მე-9, მე-10 და მე-11 კლასების 300-ზე მეტი მოსწავლე იმყოფებოდა. ინსტრუქტაჟის მიღებისა და უსაფრთხოების წესების გაცნობის შემდეგ, ახალგაზრდებმა და მათმა პედაგოგებმა დაღუპული სამხედროების ხსოვნას პატივის მიაგეს. სტუმრებმა ქვედანაყოფის ინფრასტრუქტურა, გამოფენილი საბრძოლო ტექნიკა და შეიარაღება, საცხოვრებელი ყაზარმები, სიმულაციების ცენტრი, სპორტული დარბაზი დაათვალიერეს და ჯარისკაცის ულუფა დააგემოვნეს.
ამავე პროექტის ფარგლებში, ქალაქ ხონში მდებარე მე-6 საარტილერიო ბრიგადაში ხონის აკაკი ჩხენკელის სახელობის მე-2 და ირაკლი აბაშიძის სახელობის მე-3 საჯარო სკოლების, ასევე, ქალაქ ქუთაისის აფხაზეთის მე-5 და ჟიული შარტავას სახელობის აფხაზეთის მე-6 საჯარო სკოლების მოსწავლეები იმყოფებოდნენ.