პროცესები საქართველოში - განსხვავებული პოზიციები ევროპაში 

დასავლეთიდან საქართველოს ხელისუფლების მისამართით მოწოდებები სულ უფრო მკაცრდება.

ქვეყანაში არსებული მდგომარეობა ევროპელი ლიდერების და საერთაშორისო ორგანიზაციების დღის წესრიგში აქტუალობას არ კარგავს. ხვალ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ჩვენი ქვეყნის შესახებ დებატები და მორიგი რეზოლუციის მიღება იგეგმება. ახლა მთავარი კითხვაა, როგორ გაგრძელდება ურთიერთობა საპარლამენტო ასამბლეასთან, რომელმაც სამი თვის წინ ქართული დელეგაციის უფლებამოსილება აპრილამდე და დათქმებით სცნო, ერთ-ერთ მთავარ პირობად კი ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება დაასახელა. ოპოზიცია მწვავე ფორმულირებებით სავსე რეზოლუციას ელოდება. ერთი დღით ადრე რეზონანსული აღმოჩნდა ევროსაბჭოს გენერალური მდივნის გზავნილი. ალენ ბერსე, რომელიც დეკემბერში საქართველოში ვიზიტის დროს ოპოზიციური ძალების ნაწილის კრიტიკის ადრესატად იქცა, დიალოგის საჭიროებაზე მიუთითებს და პრემიერთან კომუნიკაციას გეგმავს. ბერსესგან გასხვავებით, საკმაოდ მწვავე იყო ტონი ბრიუსელიდან. ევროპარლამენტის საგარეო უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაც საქართველოში არსებულ სიტუაციას მიეძღვნა. დეპუტატების ნაწილი უფრო მკაცრი ნაბიჯების გადადგმის მომხრეა. გაისმა ასოცირების შეთანხმების და სავიზო რეჟიმის გადახედვის მოწოდებაც. თუმცა პოზიციები გაიყო, პარლამენტართა ნაწილმა კოლეგებს ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევისგან თავშეკავება სთხოვა.