პრეზიდენტმა რიგგარეშე სესია მოიწვია

პრეზიდენტი პარლამენტს 18 ივლისიდან რიგგარეშე სესიის მოწვევისკენ მოუწოდებს. სალომე ზურაბიშვილის განკარგულება საკანონმდებლო ორგანოში უკვე გადაგზავნილია. ორშაბათს გაირკვევა, გაიზიარებენ თუ არა მოწოდებას დეპუტატები. იმისთვის, რომ რიგგარეშე სესია გაიხსნას და სხდომა გაიმართოს, დარბაზში მინიმუმ 76 კანონმდებელი უნდა იყოს, თუმცა, მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ისინი ოპოზიციის პოლიტიკურ შოუში მონაწილეობას არ აპირებენ და მიაჩნიათ, რომ ახლა რიგგარეშე სესიის მოწვევა არალოგიკური და დაუსაბუთებელია.

პრეზიდენტის გადაწყვეტილებით კმაყოფილია ოპოზიციის ნაწილი. განსაკუთრებით კი ის პარტიები, რომლებმაც რიგგარეშე სესიის მოწვევის თხოვნით პრეზიდენტს თავად მიმართეს. ასეთი სულ 46 კანონმდებელია. მათი შეფასებით, პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება დეპოლარიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯია. საარჩევნო ბარიერის დაწევა და შესაბამისი საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება, ანტიკორუფციული ორგანოს შექმნა და სასამართლოს შესახებ კანონში ცვლილება – ეს არის ის საკითხები, რომელთა განხილვაც რიგგარეშე სესიაზე ოპოზიციას სურს.