პრეზიდენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ ვეტოდაძლეულ კანონს ხელი არ მოაწერა

საქართველოს პრეზიდენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ ვეტოდაძლეულ საკანონმდებლო პაკეტს ხელი არ მოაწერა.

გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილების შესახებ ჟურნალისტებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა ნაცვლიშვილმა აცნობა.

პროცედურის თანახმად, ახლა დოკუმენტზე ხელს ხუთდღიან ვადაში პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მოაწერს და ცვლილებები ძალაში შევა.

ცვლილებებით განმტკიცდება საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობა. ასევე ცვლილებების მიხედვით, შესყიდვების კანონი არ გავრცელდება საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ ეთერით გადასაცემი გადაცემების, სერიალების, მხატვრული და დოკუმენტური ფილმების დამზადების მომსახურების შესყიდვაზე.

საპარლამენტო უმრავლესობის შეფასებით, პრეზიდენტი მის მიერ დიდი ხნის წინ არჩეულ ოპოზიციურ დღის წესრიგს არ ღალატობს, ხოლო მისი ამ გადაწყვეტილებით არაფერი იცვლება.