პრეზიდენტმა ხაზარაძე და ჯაფარიძე შეიწყალა
მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე თავისუფლები არიან. „ლელოს“ ლიდერები პრეზიდენტმა შეიწყალა. გადაწყვეტილება პატიმრობაში მყოფი პოლიტიკოსებისთვის, ისევე როგორც დანარჩენი ოპოზიციისთვის, მოულოდნელი აღმოჩნდა. გამომდინარე იქიდან, რომ „ლელო“ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობს და მსგავსი ბრალდებით დაკავებული სხვა ოპოზიციონერი ლიდერები კვლავ ციხეში რჩებიან, შეწყალების აქტს საკმაოდ დიდი პოლიტიკური ვნებათაღელვა მოჰყვა. დღევანდელი ნაბიჯის გამო მიხეილ ყაველაშვილს აკრიტიკებენ ხაზარაძე-ჯაფარიძის თანაპარტიელებიც. ოპოზიციის ის ნაწილი, რომელსაც მუნიციპალური არჩევნების ბოიკოტის გზა აქვს არჩეული, „ლელოს“ლიდერებს საარჩევნო პროცესში მონაწილეობის გადაწყვეტილების შეცვლისკენ და ბოიკოტის გარშემო გაერთიანებისკენ მოუწოდებენ. გამონაკლისი „ნაციონალური მოძრაობაა“, რომლისთვისაც ბიზნესიდან პოლიტიკაში წასული ლიდერების პარტია პოლიტიკურად დასრულებულია. მიხეილ ყაველაშვილის შეთავაზებისა და პატიმრობაში მყოფი პოლიტიკური ლიდერების უარის შემდეგ, რატომ გამოიცა შეწყალების აქტი მხოლოდ ორი პოლიტიკოსის მიმართ – ოპოზიციურ ფლანგზე ერთმანეთის მისამართით კრიტიკა კიდევ უფრო გამწვავდა.