პრეზიდენტმა ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები დააჯილდოვა

პრეზიდენტმა 20 ივნისს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გამოვლენილი მაღალი პროფესიონალიზმისა და ღირსეული სამსახურისთვის ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები დააჯილდოვა.

სალომე ზურაბიშვილმა ღირსების მედლები გადასცა სასწრაფო სამედიცინო სამსახურის უფროსს და ექიმებს, რომლებმაც 20 ივნისს, რუსთაველის გამზირზე, აქციაზე დაშავებულ მოქალაქეებს გადაუდებელი დახმარება აღმოუჩინეს.

ღირსების მედლები გადაეცათ „რეგიონული ჰოსპიტალის“ ქირურგ – ოფთალმოლოგ რევაზ ომიაძეს, „ნიუ ჰოსპიტალის“ ქირურგ-ოფთალმოლოგ მარიამ გოლოვაჩოვას, თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორ მაკა გვარამიასა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორის მოადგილეს, სოლომონ როსტომაშვილს.

პრეზიდენტის სასახლეში გამართულ დაჯილდოების ცერემონიას თბილისის მერის მოადგილე დაესწრო.

დედაქალაქის მერის სახელით თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ „მადლობის სიგელი“ გადასცა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მთელ გუნდს. 235 თანამშრომელს ფულადი ჯილდოებიც გადაეცემათ.