პრეზიდენტმა გიორგი რურუა შეიწყალა

ევროკავშირის მედიატორობით ხელმოწერილი დოკუმენტის პირველი პუნქტის შესრულება დაიწყო. გიორგი რურუა შეწყალებულია.

პრეზიდენტმა პირობა შეასრულა და რამდენიმე საათის წინ შეწყალების აქტი გამოსცა. 2019 წლის ნოემბერში იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის გასამართლებული რურუა უკვე თავისუფალია. მას 4-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. ტელეკომპანია „მთავარის“ აქციების ნაწილის მფლობელი თავს უდანაშაულოდ აცხადებს და ახლა ნიკა მელიას უპირობოდ გათავისუფლებას ითხოვს. მისი შეწყალების განმარტების დროს სალომე ზურაბიშვილმა საკუთარი გადაწყვეტილება იმავე არგუმენტებით ახსნა, რასაც გიგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების დროს დაეყრდნო. პრეზიდენტი ფიქრობს, რომ ოპოზიციის მიერ პოლიტიკურ პატიმრად გამოცხადებული გიორგი რურუა შეწყალების კატეგორიაში არცერთი ნიშნით არ ჯდება და ეს ნაბიჯი მხოლოდ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად გადადგა. პრეზიდენტი შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისგან მადლობებს იღებს.

დატოვე კომენტარი