ახალი პრეზიდენტის პირველი შეწყალების აქტი.
მიხეილ ყაველაშვილმა ნათლისღების დღესასწაულზე 613 ადამიანი შეიწყალა. გავრცელებული ცნობით, სასჯელაღსრულების დაწესებულებებს ყველა მათგანი დატოვებს. არ კონკრეტდება, რომელ მუხლებზე გავრცელდა სახელმწიფოს მეთაურის საკონსტიტუციო უფლებამოსილება. შეწყალებული პატიმრები ციხის საკნებს ეტაპობრივად უკვე ტოვებენ. მიხეილ ყაველაშვილის გადაწყვეტილებას არაერთგვაროვანი რეაქციებით შეხვდა პოლიტიკური სპექტრი. ოპოზიციას პატიმრების რაოდენობის გამო კითხვები აქვს და აინტერესებს, რა კრიტერიუმებით იხელმძღვანელეს სიის შედგენის დროს. მმართველი გუნდი ოპონენტებს სპეკულაციებში ადანაშაულებს. „ქართული ოცნება“ პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ჰუმანიზმის პრინციპებით და სახელმწიფო ინტერესებით ხსნის.