პრეზიდენტის ვიზიტი გერმანიაში

გერმანიის ქალაქ მიუნხენში, სადაც საქართველოს პრეზიდენტი ვიზიტით იმყოფება, ქართველ სტუდენტებთან შეხვედრისას ორმა მონაწილემ ცალ თვალზე ხელის აფარებით 20 ივნისის მოვლენები გააპროტესტა. მათ ფოტოები სოციალურ ქსელში გაავრცელეს და განმარტეს, რომ ამ ფორმით აქციის დარბევისას დაშავებულებს სოლიდარობა გამოუცხადეს.

სტუდენტ გიორგი ხიმშიაშვილის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტის საუნივერსიტეტო სფეროში მოღვაწე ახალგაზრდებთან შეხვედრაზე სალომე ზურაბიშვილი მისმა მწვავე შეკითხვებმა გააღიზიანა, რომელიც საქართველოში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებს უკავშირდებოდა.

შეხვედრის მონაწილეების ნაწილის ინფორმაციით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა, კრიტიკული კითხვების გამო, მათ მეტი წიგნიერებისკენ მოუწოდა და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კავშირი დააბრალა. შეხვედრის კიდევ ერთი მონაწილე ირინა ჩიხლაძე აცხადებს, რომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს პრეზიდენტმა სტუდენტებს გაუნათლებლები უწოდა, სიმართლეს არ შეესაბამება.