პრეზიდენტის ვიზიტები მთავრობის თანხმობის გარეშე

 პრეზიდენტს კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია იმპიჩმენტის შესახებ მმართველი გუნდის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. სალომე ზურაბიშვილი ევროპაში ვიზიტს განაგრძობს. გუშინ ის უკვე შეხვდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს. ამის შესახებ ევროპულმა საბჭომ განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ შარლ მიშელმა ხაზი გაუსვა ევროპის საბჭოს გადაწყვეტილებას საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების შესახებ, როგორც ისტორიულ შესაძლებლობას, რომელიც არ უნდა იყოს გაშვებული ხელიდან.

ამასთან ერთად, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შეაქო ზურაბიშვილის წვლილი საქართველოს ევროპული პერსპექტივისკენ წინსვლაში. განსაკუთრებით კი, შეწყალების უფლების გამოყენება, რამაც ხელი შეუწყო დეპოლარიზაციასა და პრეზიდენტის ძლიერ პოლიტიკურ ფოკუსირებას ევროკავშირი-საქართველოს დღის წესრიგზე. მიშელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მოგვიანებით საქართველოს პრეზიდენტთან აუდიენციას „ტვიტერზე“ გამოეხმაურა ევროპული საბჭოს პრეზიდენტიც.