პრეზიდენტის ვეტო

პრეზიდენტი ვეტოს უფლებას მე-11-დ იყენებს და პარლამენტს უკან უბრუნებს კანონპროექტს, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობისა და განვითარების გარანტი უნდა იყოს.

გიორგი მარგველაშვილის მოტივირებული შენიშვნები მაუწყებლობის შესახებ კანონპროექტის იმ ნაწილს ეხება, რომელიც პირველი არხის დღის ეთერში, ისიც შეზღუდული დროით, კომერციული რეკლამის განთავსებას გულისხმობს.

რეკლამიდან მისაღები დამატებითი თანხა, რომელიც სარეკლამო ბაზრის მცირე ნაწილს წარმოადგენს, მაუწყებლის ჟურნალისტებსა და მათ პროფესიულ განვითარებას უნდა მოხმარდეს.

პრეზიდენტისთვის სადავო გახდა კანონპროექტის ის ნაწილიც, რომელიც გადაცემების, სერიალების და სხვა ინტელექტუალური მედიაპროდუქტის უტენდეროდ შესყიდვას ეხება. ცვლილების მიზანი არის ის, რომ შემოქმედებითი ტელე-რადიო და ვებპროდუქციის შეძენის დროს გადამწყვეტი იყოს არა ფასი, არამედ ხარისხი, რაც პირდაპირ აისახება რეიტინგზე. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ  მაუწყებელი შესყიდვების კანონიდან გადის. ეს კანონი ზემოთ დასახელებულის გარდა, ნებისმიერი სხვა პროდუქციის შესყიდვისას ჩვეულებრივად იმოქმედებს.

სალომე ქოქიაშვილი კიდევ ერთხელ განგვიმარტავს, რას ითვალისწინებს ვეტოდადებული კანონპროექტი და რა შეფასებები მოჰყვა პრეზიდენტის გადაწყვეტილებას.