პრეზიდენტის ვეტო და საარჩევნო სტრატეგია

პრეზიდენტის ბოლო გადაწყვეტილებამ პოლიტიკური მღელვარება გაამძაფრა.

მმართველი გუნდი ვეტოს დასაძლევად ემზადება.19 აპრილის შეთანხმება გაუქმებულია, ცესკო-ს მეორე პირად ოპოზიციის წარმომადგენლის ყოფნა რისკებს შეიცავს – ამ ორი არგუმენტით საპარლამენტო უმრავლესობა საარჩევნო კოდექსში შესული ცვლილებების გადახედვას გამორიცხავს. ხელისუფლება ოპოზიციის ნაწილის და პრეზიდენტის ჩართულობით ახალ კამპანიაზე იწყებს საუბარს, რომლის მიზნად ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის და საარჩევნო პროცესის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას ასახელებს. უბრალო უმრავლესობის მიერ ცესკო-ს ხელმძღვანელის ხუთწლიანი ვადით არჩევის შესაძლებლობა და საარჩევნო ადმინისტრაციის თავმჯდომარის ოპოზიციონერი მოადგილის კვოტის გაუქმება – ეს არის ორი მთავარი სადავო საკითხი ვეტოდადებული კანონიდან. ოპონენტები და არასამთავრობო ორგანიზაციები „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული ცვლილებების მიღმა წინასაარჩევნოდ ცესკო-ს გაკონტროლების ინტერესს ხედავენ.