პრეზიდენტის მორიგი ვეტო

პრეზიდენტმა მმართველი გუნდის მიერ მიღებული კიდევ ერთი კანონი დაიწუნა.

საარჩევნო კოდექსში შესულ ცვლილებებს ვეტო დაედო. სალომე ზურაბიშვილის მთავარი არგუმენტი ცესკო-ს თავმჯდომარის და პროფესიული წევრების არჩევის პროცესიდან მისი გათიშვა და ეუთო-ოდირის რეკომენდაციების იგნორირებაა. გადაწყვეტილება მოულოდნელი არ აღმოჩნდა „ქართული ოცნებისთვის“, რომელიც ამ ნაბიჯს საარჩევნო სტრატეგიის ნაწილად და საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციის მცდელობად აცხადებს. არ განიხილება ის რჩევაც, რომელიც პრეზიდენტმა 11-გვერდიან შენიშვნებს დაურთო. სალომე ზურაბიშვილის პოზიციას სრულად იზიარებენ ოპოზიციურ ფლანგზე. ინიცირებისთანავე მწვავე პროტესტის საგანი გახდა კანონპროექტი, რომლითაც ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევის წესი კიდევ ერთხელ შეიცვალა და მისი ხუთი წლით არჩევა უბრალო უმრავლესობითაც გახდა შესაძლებელი. მაშინ ცვლილება საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გარშემო შექმნილი ჩიხური სიტუაციით ახსნეს. ცვლილებით, რომელსაც შარლ მიშელის შეთანხმება ითვალისწინებდა, ცესკო-ს პირველი პირი ბოლო სამი წელია თანამდებობას დროებით, ექვს-ექვს თვიანი ვადით იკავებს.