პრეზიდენტის მოხსენება პარლამენტში

„თიბისის“ საქმეზე დღეს არაფერი უთქვამს პრეზიდენტს, რომელმაც პარლამენტს სახელმწიფოს მეთაურის რანგში პირველად მიმართა.

გამოსვლა შიდა და საგარეო პოლიტიკის რამდენიმე თემას მიეძღვნა. სალომე ზურაბიშვილის ტონი განსაკუთრებით მწვავე იყო მაშინ, როცა ის რუსეთზე და ოკუპირებულ რეგიონებზე საუბრობდა.

საპარლამენტო ტრიბუნა პრეზიდენტმა საპარლამენტო უმრავლესობაში მიმდინარე პროცესების შესაფასებლად და სასამართლო რეფორმაზე სასაუბროდაც გამოიყენა.

ზურაბიშვილმა მოსამართლეებს პოლიტიკური განცხადებებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდა და ხაზი გაუსვა, რომ მოსამართლეების შესარჩევ კრიტერიუმებზე მუშაობის დროს პარლამენტმა არ უნდა იჩქაროს.

პრეზიდენტის გზავნილები დარბაზში არ მოუსმენია „ევროპულ საქართველოს“ და „ნაციონალურ მოძრაობას“, რომლებმაც დღევანდელ სხდომას ბოიკოტი გამოუცხადა.