პრეზიდენტის ინიციატივა - პოლარიზაციის დაძლევის გზა

გახდება თუ არა პრეზიდენტის ბოლო გზავნილი დეპოლარიზაციის საფუძველი, – ეროვნული მასშტაბის დიალოგის და ინკლუზიური პროცესის დაწყების შესახებ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას პოლიტიკური სპექტრიდან არაერთგვაროვანი რეაქციებით უპასუხეს.

მთავარ ოპოზიციურ პარტიას ეროვნული შერიგების წინაპირობად მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება და ვადამდელი არჩევნების დანიშვნა წარმოუდგენია, რაც ულტიმატუმად აღიქმება მმართველი გუნდისთვის. ოპოზიციის ნაწილი პრეზიდენტისგან ახლა უკვე კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას და პირველ რიგში ერთ მაგიდასთან ყველა პოლიტიკური ძალის შეკრებას ელის. ცალკეული ოპოზიციური ძალებისთვის დეპოლარიზაციის დასაწყისი პირველი მოსმენით მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებების უცვლელად დატოვება და „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან საპარლამენტო ბოიკოტის შეწყვეტა იქნება, ოპონენტთა მეორე ნაწილი კი შერიგებისთვის აუცილებელ პირობად პოლიტიკიდან მიხეილ სააკაშვილის წასვლას მიიჩნევს.