პრეზიდენტის ინაუგურაციის სამზადისი

​თელავში, ერეკლე მეფის სასახლეში უკვე დაიწყო იმ სცენის მონტაჟი, სადაც სალომე ზურაბიშვილმა ფიცი უნდა დადოს. ამ დრომდე უცნობია, ვინ დაესწრება ინაუგურაციას სხვა ქვეყნებიდან.

საგარეო საქმეთა სამინისტრო ჯერ ისევ ელის პასუხს ყველა იმ ქვეყნიდან, რომელთანაც საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობა აქვს.

უკვე ცნობილია, რომ ცერემონიაზე არ იქნებიან პრეზიდენტობის დამარცხებული კანდიდატი და მის გარშემო გაერთიანებული ოპოზიცია, რომელიც არჩევნების მეორე ტურის შედეგებს სასამართლოში ასაჩივრებს და ინაუგურაციის პარალელურად თელავში აქციის მოწყობას არ გამორიცხავს.

სამოქმედო გეგმა უკვე გახდა შიდა უთანხმოების მიზეზი. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი თანაგუნდელებს არჩეულ სტრატეგიას უწუნებს.